Claude AI (ქართულად „კლოდი“) Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტია, რომელიც განსაკუთრებით კარგად მუშაობს გრძელ დოკუმენტებთან, ზუსტ და დახვეწილ წერასთან, ანალიზსა და კოდთან. სამუშაოში Claude-ის გამოყენება სამ ფუნქციას ეყრდნობა: პროექტები (Projects) თქვენი ფაილებითა და ინსტრუქციებით, უნარები (Skills) განმეორებადი დავალებებისთვის და Claude Code, რომელიც ფაილებსა და კოდზე თავად მუშაობს. დაწყება უფასოდ შეიძლება claude.ai-ზე.
ეს გზამკვლევი დამწყებთათვისაა: რა შეუძლია Claude-ს, რომელი გეგმა ავირჩიოთ, როგორ ვიმუშაოთ ქართულად და როგორ მოვამზადოთ ფასების სია და კომერციული წინადადება ჩვეულებრივი ცხრილიდან. ფასები და ფუნქციები 2026 წლის ოქტომბრის მონაცემებითაა მოცემული და ხშირად იცვლება.
სხვა ასისტენტების მოკლე მიმოხილვა ერთ გვერდზეა: ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები: რომელი AI რისთვის.
რა არის Claude AI და რაში არის ძლიერი?
Claude-ს ქმნის ამერიკული კომპანია Anthropic. ასისტენტი ბრაუზერში (claude.ai), კომპიუტერის აპლიკაციასა და მობილურზე მუშაობს. მოდელები სამ ოჯახად იყოფა: Opus ყველაზე ძლიერია რთული და გრძელი ამოცანებისთვის, Sonnet სიჩქარესა და ხარისხს აბალანსებს, Haiku კი ყველაზე სწრაფია. უფასო გეგმაზე Sonnet და Haiku გაქვთ, Opus ფასიანი გეგმებიდან იწყება.
სად გამოადგება Claude ყველაზე მეტად:
- გრძელი დოკუმენტები. ხელშეკრულება, ანგარიში, სახელმძღვანელო ან კვლევა: ატვირთავთ ფაილს და კითხვებს მის საფუძველზე სვამთ.
- დახვეწილი წერა და რედაქტირება. ტონის დაცვა, სტრუქტურის აწყობა, გრძელი ტექსტის შემოკლება ისე, რომ აზრი არ დაიკარგოს.
- ანალიზი. ცხრილის ატვირთვა, გამოთვლები კოდის გაშვებით (code execution) და ახალი ფაილის შექმნა: Excel, Word, PowerPoint ან PDF.
- კოდი. ჩატში მცირე სკრიპტები, რეალურ პროექტებზე კი Claude Code.
რისთვის არ არის საუკეთესო არჩევანი? ფოტოების გენერაცია Claude-ის გეგმებში ჩამოთვლილი არ არის. სურათებისთვის სხვა ინსტრუმენტები გამოიყენეთ: ნახეთ ფოტოს შექმნა ხელოვნური ინტელექტით.
Claude-ის გეგმები და ფასები (2026 წლის ოქტომბერი)
ფასები აშშ დოლარშია და გადასახადს არ მოიცავს. ბოლო ცვლილებები ოფიციალურ გვერდზე claude.com/pricing გადაამოწმეთ.
| გეგმა | ფასი | რას იღებთ |
|---|---|---|
| Free | $0 | ჩატი, ვებძიება, ფაილების შექმნა, Artifacts, Skills, კონექტორები, 5 პროექტამდე |
| Pro | $20 თვეში ან $17 წლიური გამოწერით | Claude Code, Research, Opus, მეტი ლიმიტი, დავალებების დაგეგმვა |
| Max | $100-დან თვეში | Pro-ზე 5-ჯერ ან 20-ჯერ მეტი ლიმიტი, ადრეული წვდომა |
| Team | $25 ადგილზე ($20 წლიურით), Premium ადგილი $125 ($100) | 2–150 ადგილი, საერთო პროექტები, ადმინისტრირება |
| Enterprise | $20 ადგილზე წლიურად + გამოყენება API-ის ტარიფით | 20 ადგილიდან, SSO, აუდიტის ჟურნალი |
ყველა გეგმას გამოყენების ლიმიტი აქვს, რომელიც მოძრავ ხუთსაათიან ფანჯარაში განახლდება. ფასიან გეგმებს ამას კვირის ლიმიტიც ემატება. Anthropic-ის მიხედვით, Pro ერთ ხუთსაათიან სესიაში უფასოზე მინიმუმ ხუთჯერ მეტ გამოყენებას იძლევა.
პრაქტიკული რჩევა: ერთი-ორი კვირა უფასო გეგმით იმუშავეთ რეალურ ამოცანებზე. თუ ლიმიტი ხშირად გეწურებათ, Opus გჭირდებათ ან Claude Code-ის გამოცდა გინდათ, Pro-ზე გადადით. Max მხოლოდ მაშინ ღირს, როცა Pro-ს ლიმიტი რეგულარულად არ გყოფნით.
2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ფასების გვერდზე ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც წერია: Claude Cowork, აგენტი ფაილებთან და აპლიკაციებთან სამუშაოდ, ცალკე პროდუქტი აღარ არის და ჩვეულებრივ Claude-ს უერთდება. ცვლილება ჯერ Pro-სა და Max-ზე ვრცელდება.
როგორ დავიწყოთ: რეგისტრაცია, ასაკი და Claude ქართულად
- გახსენით claude.ai ან ჩამოტვირთეთ ოფიციალური აპლიკაცია. ფასიანი გეგმა მხოლოდ ოფიციალურ საიტზე ან აპლიკაციაში გამოიწერეთ.
- შექმენით ანგარიში. Anthropic-ის მომხმარებლის პირობებით, Claude-ით სარგებლობა 18 წლიდან შეიძლება.
- საქართველო Claude-ის მხარდაჭერილი ქვეყნების სიაშია, ამიტომ Claude-ით სარგებლობა საქართველოდან შეიძლება.
- პირველივე დღეს შეამოწმეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები (დეტალები ქვემოთ).
ქართულად Claude-ს თავისუფლად შეგიძლიათ მისწეროთ. Anthropic-ის დოკუმენტაციაში ქართული ენების შეფასების ცხრილში არ არის, მაგრამ კომპანია წერს, რომ Claude ბევრ სხვა ენაზეც მუშაობს და გირჩევთ, საკუთარი ენა თავად გამოსცადოთ. ქართული პასუხის ხარისხი დავალებაზეა დამოკიდებული: ზოგადი ტექსტი ხშირად კარგია, იშვიათ ტერმინებსა და იდიომებში კი შეცდომები გვხვდება. სამი ჩვევა დაგეხმარებათ:
- ქართული ასოებით წერეთ, არა ლათინური ტრანსლიტერაციით (qartulad): Anthropic პირდაპირ გირჩევთ, ტექსტი ენის საკუთარი დამწერლობით დაწეროთ.
- ენა ცალსახად მიუთითეთ: „უპასუხე ბუნებრივი, თანამედროვე ქართულით, ისე, რომ ნათარგმნს არ ჰგავდეს“.
- ტერმინების სია ჩაწერეთ პროექტის ინსტრუქციებში, რომ ყოველ ჩატში ერთნაირად თარგმნოს.
Claude Projects: ასისტენტი, რომელმაც თქვენი ფაილები იცის
პროექტი (Project) ცალკე სამუშაო სივრცეა საკუთარი ჩატების ისტორიით, ცოდნის ბაზით (Project knowledge) და ინსტრუქციებით. ფაილებს ერთხელ ატვირთავთ და პროექტის ყველა ახალი ჩატი მათ ითვალისწინებს: აღარ გიწევთ ყოველ ჯერზე ფასების ცხრილისა და შაბლონების თავიდან ჩასმა.
რა უნდა იცოდეთ 2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით:
- პროექტები ყველა მომხმარებლისთვისაა, მაგრამ უფასო გეგმაზე მაქსიმუმ ხუთი პროექტის შექმნა შეიძლება.
- ფასიან გეგმებზე, როცა ცოდნის ბაზა იზრდება, Claude ავტომატურად რთავს RAG რეჟიმს (პასუხისთვის საჭირო ნაწილს ცოდნის ბაზაში თავად პოულობს) და მოცულობას ათჯერამდე ზრდის.
- Team და Enterprise გეგმებზე პროექტის გაზიარება შეიძლება კოლეგებთან, ორი უფლებით: „Can view“ (ნახვა) და „Can edit“ (რედაქტირება).
როგორ ავაწყოთ პირველი პროექტი:
- მარცხენა მენიუში აირჩიეთ Projects და შექმენით ახალი.
- დაარქვით კონკრეტული სახელი: „ფასები და შეთავაზებები 2026“.
- ინსტრუქციებში ჩაწერეთ როლი, ტონი, ენა და აკრძალვები, მაგალითად: „არასდროს მოიგონო ფასი, რომელიც ცხრილში არ არის“.
- ცოდნის ბაზაში ატვირთეთ 3–10 მთავარი ფაილი: ფასების ცხრილი, ხშირი კითხვები, წერილის შაბლონი.
- ახალი ჩატი პროექტის შიგნით გახსენით და ჯერ სამი საკონტროლო კითხვა დაუსვით, რომლის პასუხიც თავად იცით.
იგივე პრინციპით შეიძლება მარტივი FAQ-ასისტენტის აწყობა გუნდისთვის. სხვა ვარიანტები (ჩატბოტი საიტზე და Telegram-ში) ნახეთ სტატიაში ჩატბოტის შექმნა კოდის გარეშე.
კურსი TDS-შიAI ბიზნესის თანამმართველი: ასისტენტებიდან AI აგენტებამდე4 კვირა · 20 სთ · დაწყება 17 ნოედეტალურადArtifacts, Skills და კონექტორები
Artifacts. Artifact ცალკე ნამუშევარია, რომელსაც Claude ჩატის გვერდით ქმნის: დოკუმენტი, კოდი, პატარა ვებგვერდი ან ინტერაქტიული ხელსაწყო, მაგალითად ფასის კალკულატორი. მისი რედაქტირება და გაზიარება შეიძლება, და უფასო გეგმაზეც ხელმისაწვდომია.
Skills. Skill არის საქაღალდე ინსტრუქციებით, სკრიპტებითა და მასალებით, რომელსაც Claude მაშინ იტვირთავს, როცა დავალებას სჭირდება. Anthropic-ს მზა Skills აქვს Excel-ის, Word-ის, PowerPoint-ისა და PDF ფაილების შესაქმნელად და Claude მათ ავტომატურად იყენებს. საკუთარი Skill Markdown-ში ინსტრუქციების დაწერით იქმნება, მაგალითად „კომერციული წინადადება ჩვენი კომპანიის შაბლონით“. Skills ყველა გეგმაზეა (მენიუ Customize, შემდეგ Skills), მაგრამ კოდის გაშვება (code execution) ჩართული უნდა იყოს.
კონექტორები. კონექტორი Claude-ს თქვენს აპლიკაციებთან აკავშირებს. Gmail-ის, Google Calendar-ისა და Google Drive-ის კონექტორები ყველა მომხმარებლისთვისაა: Claude ეძებს და კითხულობს წერილებს, წერს მონახაზებს, ხედავს კალენდარს და კითხულობს Drive-ის ფაილებს. წერილის გაგზავნამდე, ფაილის გაზიარებამდე ან წაშლამდე ნაგულისხმევად თქვენს თანხმობას ითხოვს. ეს თანხმობა არ გამორთოთ, სანამ ასისტენტს კარგად არ გაიცნობთ.
როცა Claude თავად გეგმავს ნაბიჯებს და ხელსაწყოებს იყენებს, ის უკვე აგენტივით მუშაობს. რა განსხვავებაა ჩატბოტს, ავტომატიზაციასა და აგენტს შორის და როგორ ზღუდავთ რისკს, ვხსნით სტატიაში AI აგენტები: რა არის და როდის სჭირდება ბიზნესს. თუ ერთი და იგივე ნაბიჯები ყოველდღე მეორდება (ფორმა, ცხრილი, შეტყობინება), აგენტის ნაცვლად ავტომატიზაცია ჯობს: პირველი AI ავტომატიზაცია n8n-ით, Make-ით ან Zapier-ით.
Claude Code: რა არის, ვისთვისაა და რა ღირს
Claude Code აგენტური პროგრამირების ინსტრუმენტია: კითხულობს პროექტის კოდს, ასწორებს ფაილებს, უშვებს ბრძანებებს და უკავშირდება თქვენს ინსტრუმენტებს. მისთვის ამოცანას ჩვეულებრივი ენით აღწერთ, ის კი გეგმას ადგენს, რამდენიმე ფაილში წერს კოდს და ამოწმებს, მუშაობს თუ არა.
| სად მუშაობს | ვისთვის | რა სჭირდება |
|---|---|---|
| ტერმინალი (CLI) | პროგრამისტები | ერთი ბრძანებით ინსტალაცია |
| VS Code, JetBrains | ვინც რედაქტორში მუშაობს | გაფართოება ან პლაგინი |
| კომპიუტერის აპლიკაცია, ჩანართი Code | დამწყებები | ფასიანი გამოწერა |
| ბრაუზერი, claude.ai/code | პროექტები ინსტალაციის გარეშე | Claude-ის გამოწერა |
რა ღირს Claude Code? ცალკე ფასი არ აქვს: ის ყველა ფასიან გეგმაშია, Pro-დან დაწყებული, და გეგმის საერთო ლიმიტს იყენებს. ალტერნატივაა Anthropic Console-ის ანგარიში, სადაც API-ის გამოყენების მიხედვით იხდით. უფასო გეგმაზე Claude Code არ არის.
პროგრამისტისთვის დაწყება ასე გამოიყურება (macOS, Linux; Windows-ზე PowerShell-ში ბრძანებაა irm https://claude.ai/install.ps1 | iex):
curl -fsSL https://claude.ai/install.sh | bash
cd your-project
claudeClaude Code არაპროგრამისტებისთვის. დამწყებს კომპიუტერის აპლიკაციის Code ჩანართი უფრო მოუხერხდება, ტერმინალი არ სჭირდება. ამოცანის მაგალითები: ინვოისების საქაღალდიდან ერთი შემაჯამებელი ცხრილის აწყობა, მარტივი სადესანტო გვერდის (landing page) შექმნა, ფაილების დალაგება და გადარქმევა. სამი წესი დაიცავით:
- Claude Code რეალურ ფაილებს ცვლის: პირველად ასლზე იმუშავეთ.
- ნებართვის მოთხოვნა ყურადღებით წაიკითხეთ, სანამ „დიახ“-ს დააჭერთ.
- პროექტის წესები (რა არ უნდა შეცვალოს, რა ენაზე დაწეროს) ჩაწერეთ ფაილში CLAUDE.md: Claude Code მას ყოველი სესიის დასაწყისში კითხულობს.
მაგალითი: ფასების სია და კომერციული წინადადება ცხრილიდან
სიტუაცია: მცირე სახელოსნო ხის ნაკეთობებს ყიდის. ფასები Excel-ის ცხრილშია, ახლა კი საჭიროა საცალო ფასების სია და წერილი კაფესთვის, რომელიც 40 ხის სინს უკვეთავს. ასე მუშაობს პროცესი Claude-ში:
- მოამზადეთ ცხრილი. სვეტები: პროდუქტი, თვითღირებულება (₾), მარჟა (%), მარაგი. თითო პროდუქტი თითო სტრიქონზე, გაერთიანებული უჯრების გარეშე. შეინახეთ XLSX ან CSV ფორმატში.
- შექმენით პროექტი და ინსტრუქციებში ჩაწერეთ: ვალუტა ლარი, ფასი 0.50-მდე დამრგვალებული, ტექსტი ქართულად, ტონი თავაზიანი და მოკლე.
- სთხოვეთ ცხრილის შემოწმება და ფასების გამოთვლა (პრომპტი 1 ქვემოთ).
- სთხოვეთ ფაილი: ფასების სია Excel-ში ფორმულებით, რომ თავად შეძლოთ შემოწმება.
- სთხოვეთ წერილი (პრომპტი 2).
- შეამოწმეთ: სამი შემთხვევითი პროდუქტის ფასი ხელით გადაითვალეთ, წერილში სახელები და ვადები ნახეთ.
პრომპტი 1
ატვირთულ ცხრილში თითოეული პროდუქტისთვის გამოთვალე საცალო ფასი:
თვითღირებულება × (1 + მარჟა), დამრგვალებული 0.50 ლარამდე.
გამოთვლა კოდით გაუშვი. ჯერ ჩამომიწერე ცხრილის პრობლემები
(ცარიელი უჯრები, უარყოფითი მარჟა, ორჯერ ჩაწერილი პროდუქტი),
მერე შექმენი Excel ფაილი სვეტებით: პროდუქტი, ფასი, მარაგი.
პრომპტი 2
დაწერე კომერციული წინადადება კაფესთვის [სახელი]: 40 ხის სინი
და 40 ჭიქის საფენი. ფასები აიღე მხოლოდ ჩვენი ცხრილიდან.
მიუთითე დამზადების ვადა 10 სამუშაო დღე და წინადადების
მოქმედების ვადა 14 დღე. 150 სიტყვამდე, ბოლოს ერთი კითხვა
მიწოდების მისამართზე. არ მოიგონო ის, რაც ცხრილში არ არის.
როცა პროცესი ორჯერ-სამჯერ კარგად იმუშავებს, ინსტრუქციები Skill-ად აქციეთ: შემდეგ ჯერზე საკმარისი იქნება დაწეროთ „მოამზადე შეთავაზება კაფე X-ისთვის“.
ციფრები Claude-ს ჩატში „თავით“ ნუ ათვლევინებთ. სთხოვეთ, გამოთვლა კოდით გაუშვას ან Excel-ში ფორმულებით ჩაწეროს. ასე ყოველ ფასს გადაამოწმებთ, შეცდომა კი ერთ უჯრაში გამოჩნდება და არა კლიენტისთვის გაგზავნილ წერილში.
Claude თუ ChatGPT: რომელი ავირჩიოთ?
ორივე ასისტენტი ყოველდღიურ საქმეს კარგად ართმევს თავს, ამიტომ არჩევანი ამოცანაზეა დამოკიდებული და არა „საუკეთესოზე“:
- Claude მოსახერხებელია, როცა ბევრს მუშაობთ დოკუმენტებთან, პროექტებთან და კოდთან, ან ფაილების (Excel, Word, PDF) შექმნა გჭირდებათ.
- ChatGPT-ში სურათების გენერაციაც ჩაშენებულია: ნახეთ ChatGPT ქართულად: როგორ დავიწყოთ.
- Gemini Google-ის ეკოსისტემის ნაწილია (Gmail, Drive, Docs): ნახეთ Gemini-ის გზამკვლევი.
- საკუთარ მასალაზე სწავლისთვის ცალკე ხელსაწყოც არსებობს: Gemini Notebook (ყოფილი NotebookLM).
ფუნქციების დეტალური შედარება და ტესტი, რომელიც თავად შეგიძლიათ ჩაატაროთ, სტატიაშია ChatGPT, Claude თუ Gemini: რომელი AI ასისტენტი რისთვის.
კონფიდენციალურობა: რა შეამოწმოთ პირველ დღეს
- Model Improvement. პირად ანგარიშზე (Free, Pro, Max) საუბრები მოდელის გასაუმჯობესებლად მაშინ გამოიყენება, თუ კონფიდენციალურობის პარამეტრებში ეს ოფცია ჩართულია, ან თუ საუბარი უსაფრთხოების შემოწმებისთვის მოინიშნა.
- ინკოგნიტო ჩატი. ინკოგნიტო ჩატები მოდელის გასაუმჯობესებლად არ გამოიყენება, ზემოთ ხსენებული პარამეტრის მიუხედავადაც.
- შეფასების ღილაკები. თუ პასუხს მოწონებას ან უარყოფას დაუსვამთ, მთელი საუბარი შეიძლება 5 წლამდე შეინახონ.
- საერთო წესი. პირადი ნომრები, პაროლები, ჯანმრთელობის მონაცემები და კლიენტების ინფორმაცია პირად ანგარიშში არ ჩაწეროთ. სამუშაო მონაცემებისთვის კომპანიის გეგმა (Team ან Enterprise) და შიდა წესები გჭირდებათ.
ხშირად დასმული კითხვები
უფასოა თუ არა Claude AI?
დიახ, Claude-ს უფასო გეგმა აქვს: ჩატი, ვებძიება, ფაილების შექმნა, Artifacts, Skills, კონექტორები და ხუთამდე პროექტი. ლიმიტი ხუთსაათიან ფანჯარაში განახლდება. Claude Code, Research და Opus მოდელი მხოლოდ ფასიან გეგმებზეა.
მუშაობს თუ არა Claude ქართულად?
დიახ, Claude-ს ქართულად შეგიძლიათ ესაუბროთ, თუმცა Anthropic-ის ენების შეფასების ცხრილში ქართული არ შედის და კომპანია გირჩევთ, ენა თავად გამოსცადოთ. ზოგადი ტექსტი ხშირად კარგია, იშვიათ ტერმინებში კი შეცდომები გვხვდება. წერეთ ქართული ასოებით და ოფიციალური ტექსტი ადამიანმა წაიკითხოს.
რა ღირს Claude Code?
Claude Code ცალკე არ იყიდება: ის ყველა ფასიან გეგმაშია, Pro-დან დაწყებული (2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით $20 თვეში ან $17 წლიური გამოწერით), და გეგმის ლიმიტს იყენებს. დიდი მოცულობისთვის Max გეგმა ან API-ის ანგარიში არსებობს.
რა ასაკიდან შეიძლება Claude-ის გამოყენება?
Anthropic-ის მომხმარებლის პირობებით, Claude-ით სარგებლობა 18 წლიდან შეიძლება. ამიტომ სკოლის მოსწავლეებისთვის Claude შესაფერისი არჩევანი არ არის: ბავშვებისა და მოზარდებისთვის ნახეთ ხელოვნური ინტელექტი ბავშვებისთვის: როგორ ვასწავლოთ უსაფრთხოდ.
რა განსხვავებაა Claude Projects-სა და Skills-ს შორის?
პროექტი სამუშაო სივრცეა კონკრეტული თემისთვის: ფაილები, ინსტრუქციები და ჩატები ერთად. Skill კი განმეორებადი დავალების რეცეპტია (ინსტრუქციები და სკრიპტები), რომელსაც Claude ნებისმიერ ჩატში იყენებს, როცა დავალებას სჭირდება.
შემდეგი ნაბიჯი
დღესვე შექმენით ერთი პროექტი თქვენი ყველაზე ხშირი ამოცანისთვის და გაიმეორეთ ზემოთ მოცემული მაგალითი საკუთარი ცხრილით. თუ გინდათ, რომ Claude, ChatGPT და Gemini თქვენი ბიზნესის ერთ სისტემად აქციოთ (კონტენტი, მომხმარებლის მოთხოვნები, ასისტენტი თქვენი კატალოგით, ავტომატიზაცია და აგენტი თქვენი თანხმობით), გადახედეთ კურსს „AI ბიზნესის თანამმართველი: ასისტენტებიდან AI აგენტებამდე“. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისთვის.
წყაროები
- Plans and Pricing, Claude
- What are projects?, Claude Help Center
- What are Skills?, Claude Help Center
- Use Google Workspace connectors, Claude Help Center
- Claude Code overview, Claude Code Docs
- Multilingual support, Claude Docs
- Consumer Terms of Service, Anthropic
- Supported countries and regions, Anthropic
- Is my data used for model training?, Anthropic Privacy Center





